იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ხალხია: საერთაშორისო კვლევების მიხედვით, იაპონიის მოსახლეობა 100-პროცენტიანი წიგნიერების ზღვარს აღწევს.
მიუხედავად მაღალი საგანმანათლებლო მაჩვენებლებისა, იაპონია განათლების სისტემაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3.3%-ს ხარჯავს.
იაპონიის საგანმანათლებლო სისტემა მკაცრი იერარქიის მქონე სტრუქტურაა. განათლების სამინისტრო აკონტროლებს როგორც სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების შემუშავებისა და გრიფირების სისტემას, მეთოდიკური გზამკვლევებისა და ტესტების შემუშავებას, ისე სასწავლო პროცესის მსვლელობასაც.
გარდა დაწყებითი სკოლის დაბალი კლასებისა, სასწავლო დღის საშუალო ხანგრძლივობა იაპონიის სკოლებში 6 საათს უდრის, რაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია.
იაპონური განათლების სისტემა რომ განსაკუთრებულია ამაში თვითონვე დარწმუნდებით:
იაპონურ სკოლებში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ზრდილობასა და მანერებს ასწავლიან
იაპონურ სკოლებში, მოსწავლეები მეოთხე კლასამდე ანუ 10 წლამდე არანაირ გამოცდას არ აბარებენ, მოსწავლეებს ეძლევათ მხოლოდ მარტივი ტესტები.
მიაჩნიათ, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში, იაპონიის სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის კონკრეტული ცოდნის მიცემა და შემდეგ შეფასება არ არის.
პირველ რიგში, მოსწავლეები სწავლობენ კარგ მანერებს, ზრდილობას და ივითარებენ ხასიათს. მათ ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა იყვნენ კეთილები, გულუხვები, შემწყნარებლები. ასევე ასწავლიან სხვა ადამიანების პატივისცემას, ცხოველებისა და ბუნების მიმართ თავაზიან და ჰუმანურ დამოკიდებულებას. ამის შემდეგ კი, ისინი სწავლობენ თავშეკავებას, თვითკონტროლსა და სამართლიანობას და მხოლოდ ამის მერე გადადიან სასწავლო პროგრამის შესწავლაზე.
იაპონური სკოლების უმეტესობას არ ჰყავს დამლაგებლები
მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ერია, ისინი არ ცნობენ მომსახურე პერსონალს–დამლაგებლებს.
მოსწავლეები სკოლებს თავად ალაგებენ. ისინი ვალდებულნი არიან თავად დაალაგონ საკუთარი საკლასო ოთახი, კაფეტერიები და საპირფარეშოც კი. მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლის დასუფთავებაზე, ყოველწლიურად იცვლება.
იაპონური განათლების სისტემის მიხედვით, ბავშვების ამ პროცესის მართვა მათ გუნდური მუშაობის უნარს უვითარებს და მიაჩნიათ, რომ ამ გზით მოსწავლეები ეჩვევიან შრომას, საკუთარი და სხვისი შრომის პატივისცემას.
ყოველი იაპონელი მოსწავლე სასწავლო დღის 15 წუთს სკოლის შენობის, მათ შორის–სველი წერტილების, სავალებულო დალაგებას უთმობს. ეს საქმიანობა, აღმზრდელთა თქმით, მოსწავლეებს სისუფთავისა და ჰიგიენური გარემოს სიყვარულსაც უღვივებს.
იაპონურ სკოლებში მოსწავლეებს აქვთ გაწერილი მენიუ, რომელიც ჯანსაღ კვების რაციონისგან შედგება
იაპონური სასკოლო სისტება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ჯანსაღად იკვებონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლანჩს მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად, საკლასო ოთახში მიირთმევენ, რაც მათი ურთიერთობის უშუალოობაზე მეტყველებს-ეს კი ოჯახური ატმოსფეროს შექმნისთვის იდეალური მიგნებაა.
იაპონიაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებულია.
“უკან დაიხიე სამი ნაბიჯით, მაგრამ მასწავლებლის ჩრდილს ფეხი არასოდეს დაადგა”,-გვამცნობს იაპონური სიბრძნე. იაპონურ სკოლაში მასწავლებელი ყველაზე საპატიო, პრაქტიკულად საკულტო ფიგურაა. იაპონურად “მასწავლებელი” (“სენსეი”) “ადრე დაბადებულს” ნიშნავს. სკოლის პედაგოგი თავის მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ მისი აღმზრდელი, დამკვალიანებელი და უპირველესი გულშემატკივარია.
სადილის შემდეგ იაპონელ მოსწავლეებს ნახევარი საათი ეძლევათ დასასვენებლად, რათა მათი საჭმლის მომნელების სისტემა არ დაზიანდეს. გარდა ამისა, ევალებათ კბილების გამოხეხვაც პირის ღრუს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.
ასევე, სადილის შემდეგ იაპონელ მოსწავლეებს ნახევარი საათი ეძლევათ დასასვენებლად, რათა მათი საჭმლის მომნელების სისტემა არ დაზიანდეს.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ სკოლის შემდეგ სემინარებს დაესწრონ
სწავლის გაგრძელების მიზნით, იაპონელი მოსწავლეების უმრავლესობა სკოლამდელ მოსამზადებელ დაწესებულებებში სწავლობს ან სკოლის შემდეგ დამატებით სემინარებს ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 8 საათს მაინც სკოლაში ატარებენ, დამატებითი მეცადინეობებითაც ინტერესდებიან.
მსგავსი სემინარები ძირითადად საღამოობით იმართება. ხშირად შეხვდებით, სემინარიდან მომავალ მოსწავლეთა ჯგუფებს, რომლებიც სემინარებს არდადეგების პერიოდში და შაბათ-კვირასაც კი ესწრებიან.
სავალდებულო საგნების გარდა, იაპონელ ბავშვებს კალიგრაფიასა და პოეზიას ასწავლიან
იაპონური ხელწერა, იგივე შიოდო, არის ხელოვნება, რომელიც ტრადიციულ ფერწერაზე არანაკლებ პოპულარულია. ჰაიკუ, მეორე მხრივ, იაპონური პოეზია, იყენებს გამოხატვის მარტივ ფორმებს და მკითხველს ღრმა ემოციებს აღუძრავს. თითოეული სასწავლო კურსი მოსწავლეებში იაპონური კულტურისა და საუკუნოვანი ტრადიციების პატივისცემას ემსახურება.
ყველა მოსწავლე ვალდებულია ატაროს ფორმა
ყველა იაპონური სკოლის შინაგანაწესი სკოლის უნიფორმის ტარებას მოითხოვს. ზოგიერთ სკოლას თავისი, განსაკუთრებული დიზაინი აქვს, თუმცა, სკოლების უმრავლესობა მარტივ, სადა დიზაინს ანიჭებს უპირატესობას. სასკოლო ფორმების არსებობა სოციალური ბარიერების მსხვრევას ემსახურება და მიზანი საქმიანი, სასწავლო, სამუშაო განწყობის შექმნაა.
წყარო:
Comentários