სოციალური პროექტი
„ათასად კაცი დაფასდა,ათი ათასად -ზრდილობა“
სკოლა თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი თინა ბურკაძე
სამიზნე ჯგუფი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები
იდეალური საზოგადოება, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, უკეთესი გავხადოთ იგი.ადამიანთა დახვეწილი და კარგი მანერები, მათი თბილი და დელიკატური დამოკიდებულება ერთმანეთისა და გარემოს მიმართ, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ალამაზებს და სასიამოვნოს ხდის სამოქალაქო თანაცხოვრებას, აბედნიერებს ადამიანს...ამ ყველაფერს კი ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ზრდილობაც უწყობს ხელს. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ რაც შეიძლება ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომლის საწინდარიც ზრდილობაზე დამყარებული ნორმებით აღზრდილი თაობაა.
სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალდაბადებული ბავშვი „სუფთა დაფაა“ (Tabularasa) რომელზეც უშუალო სოციალური ინსტიტუტები (ოჯახი, ბაღი, სკოლა...) წერენ სამოქალაქო ქცევის ნორმებს. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ადამიანის ამ ნორმებით „დახუნძვლა“ ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. ცნობილია, 2 კვირის ბავშვი რომ მიიყვანეს აღსაზრდელად, უკვე დაგვიანებულიაო, უპასუხეს. ამიტომ საზოგადოების ყოველ რგოლს ევალება ადრეული ასკიდანვე ჩაერთოს მომავალი თაობის აღზრდაში
ვფიქრობ, სკოლას (მშობლებთან ერთად) უდიდესი მისია ეკისრება: მან არა მარტო უნდა ასწავლოს, არამედ უნდა აღზარდოს კიდეც.გულსატკენია, რომ ხშირად ვაწყდებით ისეთ არასასიამოვნო სიტუაციებს, რომელთა აცილებაც შეიძლებოდა, თავის დროზე სათანადო ზრუნვა რომ გამოეჩინა სკოლასა და ოჯახს.როგორც ცნობილია, ბევრ აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში სალანძღავი სიტყვები შედარებით იშვიათად გვხვდება. მათი გამოყენება იქ ძალიან ცუდ ტონად ითვლება და საზოგადოების წყრომას იმსახურებს. იქ ადგილობრივი ზრდილობის ნორმებისადმი შეუსაბამო სხვა ქცევებიც მკაცრად განიკიცხება და ხშირად „სახის დაკარგვის“ ტოლფასია. ამის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე „ზრდილობის თეორია“, რომელიც ბრაუნმა და ლევინსონმა 80-იან წლებში შექმნეს, სწორედ ჩინური „სახის დაკარგვის“ და „სახის შენარჩუნების“ ნორმების გავლენის შედეგია.
თუმცა ჩვენთან, ხშირად, უცენზურო საუბარი და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა უამრავი ქცევა, „სახის დაკარგვა“ ( ნაგვის დაყრა, ხმამაღალი საუბარი, ყვირილი და უშვერი სიტყვები,რიგში დგომის წესების უგულვებელყოფა, მოხუცებისა და სუსტებისადმი უყურადღებობა...)ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩემი კლასი და, ზოგადად, ჩვენი სკოლაა. ამა თუ იმ კლასში არაერთხელ მოგვიკრავს ყური ბავშვებისაგან ერთმანეთისთვის ნათქვამი სალანძღავი და შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის,, არაერთხელ მოგვისმენია ყვირილითა და უხეში ტონით საუბარი, სკოლის დერეფანში არაერთხელ გაგვიგონია უცენზურო სიტყვები, დაგვინახავს იატაკზე დაყრილი ცელოფნის პარკები და ქაღალდები...ეს ნამდვილად არის ზრდილობის პრობლემა.
რა თქმა უნდა, კიდევ სხვა უამრავი ქცევის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ჩვენს საზოგადობაში უზრდელობად აღიქმება. ისიც ცხადია, რომ ზრდილობის კონცეფცია განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებსა და დროში. მაგალითად, იაპონიაში წვნიანის ხმამაღალი წრუპვა მზარეულისადმი კომპლიმენტის ტოლფასია, ჩვენთან კი უმანერობად აღიქმება.
მიუხედავად „ზრდილობის“ კონცეფციის გარშემო არსებული ამბივალენტურობისა,ცნობილია რომ ტრადიციულად, ჩვენს საზოგადოებაში, ზრდილობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ჩვენ კვლავაც უნდა ვიზრუნოთ , რათა თავიდანვე ჩავუნერგოთ ბავშვებს, რომ უცენზურო სიტყვები და ხმამაღლი საუბარი ძალიან ცუდი ტონია, თავიდანვე ვეცადოთ, მივაჩვიოთ ბავშვები დახვეწილ მანერებს, მოხუცებისადმი პატივისცემას,გარემოს გაფრთხილებას,რათა ისინი შემდეგ საზოგადოების ღირსეული წევრები გახდნენ.ამ პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ ძალდატანებით ზრდილობიანს ვერავის გავხდით, რადგან ზრდილობა ხანგრძლივი სოციალიზაციის, ანუ აღზრდის პროცესია.
ათწლეულებია ტელევიზიაში, პრესაში, ქუჩაში და ახლა უკვე სოციალურ ქსელებში ყოვლად მიუღებელ ქცევებს ვაწყდებით. ამის ფონზე ძნელია, სკოლამ ერთბაშად შეძლოს საზოგადოების გაკეთილშობილება, მაგრამ ამაზე ზრუნვა რომ საშური საქმეა, ეს ფაქტია. ბევრ ქვეყანაში ეთიკასა და ადამიანის ქცევის ნორმაზე ზრუნვა მძიმე სანქციებისა და ჯარიმების ფონზე მიმდინარეობს, რაც, სამწუხაროდ, მეორე უკიდურესობაა და ზღუდავს საზოგადოების თავისუფლებას. ზრდილობა ნებაყოფლობითი ქცევა უნდა გახდეს, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მისდევს არა იმიტომ, რომ სასჯელის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად სჯერა საზოგადოების გამართული ფუნქციონირებისთვის ზრდილობის აუცილებლობისა, გულწრფელად უნდა, იყოს ღირსეული.
ჩვენც სწორედ ამიტომ გთავაზობთ პროექტს „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად- ზრდილობა“, რითაც გვინდა,ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა ჩვენი კლასიდან, ჩვენი სკოლიდან დავიწყოთ.
პროექტის მიზანი
-
ზრდილობის კონცეფციის თანამედროვე ქართული საზოგადოების კონტექსტში განხილვა და განმარტება;
-
პრობლემის დანახვა-წარმოჩენა და გაანალიზება;
-
გზების დასახვა პრობლემის მოსაგვარებლად;
მოსწავლეების საზოგადოებრივი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება აღნიშნული კუთხით.
იმედი გვაქვს, პროექტი სასურველ შედეგს გამოიღებს და ჩვენი მოსწავლეების ცნობიერება , მათ შორის ჩვენიც, ამაღლდება, ჩვენი წამოწყებული იდეა გაგრძელდება და თანდათან საზოგადოებას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა სახით კულტურული, ზრდილობიანი,დახვეწილი, ღირსეული მოქალაქეები შეემატება.